ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაჯერებული - პრეზიდენტი ამ პროცესში მისი წარმომადგენლის მეშვეობით იქნება ჩართული , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ისაა, რომ არსებულმა საკანონმდებლო წესმა პრაქტიკაში მხოლოდ ხარვეზები აჩვენა.
„ჩვენ დღეს გვაქვს საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც თავისი აბსურდულობით უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანას მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგება არ აქვს. ასევე, მეორე არგუმენტი ამ საკითხის შეცვლის ისაა, რომ ამ საკანონმდებლო მოწესრიგებამ პრაქტიკაში ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა, პრაქტიკულად ვერ იმუშავა. ჩვენი ამოცანაა, რომ საკითხი მოწესრიგდეს იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკაში ასეთი ხარვეზები აღარ წარმოიქმნას. რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით. გახსოვთ, რომ ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ წარადგენდა კანდიდატს არა იმიტომ, რომ კვალიფიკაცია ან კეთილსინდისიერება დაიწუნა, არამედ პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.