გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ დაიგეგმა პრაქტიკულად სპეცოპერაცია, სადაც, ასევე, სცადეს, გაესვარათ ჩვენი პარტნიორი ომში მყოფი დავით არახამია, ხოლო ზურა გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს უნამუსო, ტყუილებით სავსე კამპანია, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კამპანიები ემსახურება მნიშვნელოვანი და მართალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას და ასევე ახალგაზრდების დაშინებას.
„მინდა, გამოვეხმაურო და კატეგორიულად დავგმო აღვირახსნილი რუსული დეზინფორმაციის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც „რუსულმა ოცნებამ“ ჩემი პოლიტიკური პარტნიორების წინააღმდეგ წამოიწყო.
კერძოდ, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ დაიგეგმა პრაქტიკულად სპეცოპერაცია, სადაც, ასევე, სცადეს გაესვარათ ჩვენი პარტნიორი, ომში მყოფი დავით არახამია, ხოლო ზურა გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, უნამუსო, ტყუილებით სავსე კამპანია. ეს კამპანია ემსახურება, პირველ რიგში, ზურა ჯაფარიძის, როგორც ძლიერი, მნიშვნელოვანი და მართალი პოლიტიკოსის დისკრედიტაციას, მეორე, ემსახურება ახალგაზრდა თაობის დაშინებას და დისკრედიტაციას და მესამე, ემსახურება იმ საგანმანათლებლო საქმიანობის დისკრედიტაციას და ჩაშლას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „რუსული ტელეკომპანია“ „იმედი“ აკეთებს აბსოლუტურად დაკვეთილ და მართლა ამორალურ გადაცემებს იმ ბანაკების წინააღმდეგ, რომლებშიც, სინამდვილეში, განათლებას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები, სწორედ ამ ბანაკების დისკრედიტაციას მოჰყვა კონკრეტული სამი ფაქტი, ერთი ფაქტის მონაწილე არის ოთო ხარაშვილი, ხოლო ორი ადამიანი ბათუმშია. ბანაკებიდან წამოსვლის შემდეგ, მათ აედევნა მანქანით პოლიცია, სუსი, ამ რუსული ხელისუფლების მორჩილები აედევნენ, ღირსების შემლახველად ესაუბრნენ მათ, გაჩხრიკეს არასრულწლოვანი ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიოდნენ ამ ბანაკიდან და მე მინდა, რომ სრული მხარდაჭერა აღვითქვა, ჯერ ერთი, ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებს გიორგი ვაშაძეს და „გირჩს“ და მეორე, რა თქმა უნდა, ვთქვა, რომ არც ერთი ახალგაზრდა არ იქნება მიტოვებული მარტო, ან დაჩაგრული ამ ამორალური კამპანიის პირობებში“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.