არმაზ ახვლედიანი - ოპოზიციამ ცივი გონებით უნდა მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები, უნდა შედგეს ნებისმიერი კავშირი, რაც წაადგება ქვეყნისთვის დამღუპველი მანქანის ჩამოშლას - თუ ამას ვერ გავითვალისწინებთ, შეიძლება მატარებელმა უჩვენოდ ჩაიაროს

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ განგაშის ზარის შემოკვრა ხვალ უკვე გვიან იქნება, რადგან ამ ტემპით თუ „ოცნებამ“ იარა, როგორც ჩანს, ჩვენ შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ საერთოდ აღარაფერი იყოს ასარჩევი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის შეფასებით, ოპოზიციამ არასტანდარტული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

„ისეთია ახლა „ოცნების“ რეიტინგი, ისე უჭირთ რეალურად მათი ბრიყვული, დანაშაულებრივი ქმედებების, ნაბიჯების, თუ განცხადებების გამო, რომ აღარაფერი დარჩენიათ თუ არა ასეთი უხეში, კუსტარული ნაბიჯებით და მოქმედებებით შეძლონ მეტად, თუ ნაკლებად იმ გარემოს განმტკიცება, რომელიც სახელისუფლებო რესურსების, ბინძური ფულით და ჯიბეში ჩადებული სასამართლოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოყენებით, 2024 წელს კვლავ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას.

მე ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკური ოპოზიცია და ისინიც ვინც არ არიან გულგრილნი ამ პროცესების მიმართ - ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ განგაშის ზარის შემოკვრა ხვალ უკვე გვიან იქნება, რადგან თუ „ოცნებამ“ამ ტემპით იარა, როგორც ჩანს, ჩვენ შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ საერთოდ აღარაფერი იყოს ასარჩევი. მოგეხსენებათ, მათ არ აინტერესებთ არც დასავლეთის აზრი, პირიქით, ნებისმიერ აზრს, მით უფრო კრიტიკულს, მიიჩნევენ მტრულად.

ცხადია, ახლა ვერავის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვუწოდებ ემოციური ქმედებებისკენ, მაგრამ ის კი არის, რომ ცივი გონებით დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს - იქ სადაც სხვადასხვა ფორმის და შინაარსის გაერთიანება წაადგება ამათ („ქართული ოცნების“) მიერ ნაშენები საშინელი, ქვეყნისთვის დამღუპველი მანქანის ჩამოშლას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი კავშირი, ერთობა, თანამშრომლობა, მიუხედავად განსხვავებულობისა, უნდა შედგეს. ამიტომაც ეს არასტანდარტულობა გვიბიძგა ამ გარემოებამ, რომელშიც ჩააგდო ხალხი, ქვეყანა და მისი მომავალი „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის ჩვენი რეალობა, თუ ამას ვერ გავითვალისწინებთ ვშიშობ, რომ შეიძლება მატარებელმა კვლავ უჩვენოდ ჩაიაროს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა