თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლება ვერ მოიგებს არჩევნებს, ამიტომ ახლა მათ სჭირდებათ ყურმოჭრილი ლოიალისტი,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ასევე, პირდაპირი იერიშია საქართველოს პრეზიდენტზე, რადგან ვერ მიიღეს ისეთი კანდიდატურები, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონობის იდეალები იქნებოდნენ.
„დიახ, ეს არის ერთპარტიული ოკუპაცია. დიახ, ეს არის ძალიან მკაფიო თავდასხმა ქართული დემოკრატიის ნარჩენებზე, რაც ჯერ კიდევ შემორჩა და გადაურჩა „ქართულ ოცნებას". დიახ, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას შიში და გაცნობიერება იმისა, რომ არცერთ და ვერცერთ თავისუფალ შემთხვევაში, თავისუფალ არჩევნებში ეს ხელისუფლება ვერ მოიგებს არჩევნებს, ამიტომ ახლა მათ სჭირდებათ ყურმოჭრილი ლოიალისტი. საკითხს არასწორად დავაყენებთ თუ ვიტყვით, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაუკეთა ამ პროცესს საბოტაჟი. დღევანდელი საკანონმდებლო პაკეტი არის პირდაპირი იერიში საქართველოს პრეზიდენტზე, რადგან პრეზიდენტიდან ვერ მიიღეს ისეთი კანდიდატურები, რაც როგორც ჩანს, მათთვის ყურმოჭრილი მონობის საუკეთესო იდეალი იქნებოდა. ანუ ვიღაცები ჩამორჩნენ მონების გაზომვაში, ანუ კიდევ უფრო მეტი მონა სჭირდება „ქართულ ოცნებას“. როდესაც ამ ყველაფერს პაპუაშვილი უწოდებს ექსპერიმენტს, მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ თქვენს მომავალს და ბედს უწოდებს ექსპერიმენტს და ამით თამაშს. ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობით, წინსვლის შანსებით თამაშს უწოდებს ექსპერიმენტს და მარტო ეს ამბავიც კი, არის დარტყმა საქართველოს მომავალზე, რადგან ეს პირდაპირ არღვევს ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ინკლუზიისკენ, ანუ მრავალი მხარის ერთდროული ჩართულობისკენ, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება საბოტაჟს უკეთებდა ძალიან ღიად ყველა შესაძლო ჯერზე თავისუფალ კანდიდატებს და კონსენსუსი ჩვენს თავთან ხომ არ გვექნება. კონსენსუს სჭირდება ორი ზრდასრული მხარე, მაგრამ ერთ მხარეს არის პრორუსი ბავშვი თავისი ეგოთი, რომელიც მზად არის, რომ 3 მილიონზე მეტი ქართველის ბედი გადააგდოს სანაგვეში, ეს არის რეალობა“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.