„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი მოდელით მოქმედებს, რადგან ამბობს, რომ ევროპა სურს, თუმცა, ამისთვის რეალურად არაფერს აკეთებს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, უმრავლესობის წევრები ლანძღავენ და აგინებენ ევროპას, მაგრამ როცა საქმე საქმეზე დგება, მათი შვილები ევროპაში მიდიან და ქონებაც იქ აქვთ გადამალული.
„ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია ვუწოდოთ პიროვნების გაორების მქონე სუბიექტი, თუ მხოლოდ მისი გარე გამოვლინების მიხედვით დავაკვირდებით, როდესაც ერთმანეთის სრულიად საპირისპიროს ამბობს ერთი და იგივე დღეს და ურთიერთგამომრიცხავი მოდელით მოქმედებს. თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მთელი ეს საუბარი ევროპული პროცესის გაგრძელებაზე, „გასაოცარი დემოკრატიის“ მშენებლობაზე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო მხოლოდ 2012 წლიდან ძალაუფლების მოსახვეჭად, შემდეგ ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რადგან მშვენივრად უწყოდა, რომ ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა სწორედ ევროპულ მომავალს მოელოდა და მომხრე იყო ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიების მიღების. შესაბამისად, საპირისპიროს თქმა წამგებიანი იქნებოდა. ჩემი აზრით, ევროპული კურსის და დემოკრატის შესახებ საუბარი მაინც და მაინც გულწრფელი არ იყო“,-განაცხადა ბადრიძემ.
მისი შეფასებით, ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი გაჩნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ „რეალური ნაბიჯების გადადგმა არ უღირს“.
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს ქართველ ადამიანს უთხრას, რომ ევროკავშირისკენ სიარული ცუდია შენთვის, იცოდეთ, რომ ის ამ ადამიანს და ზოგადად, საქართველოს უმრავლესობას ატყუებს ანგარების მიზნით, რომ ძალაუფლებას უფრო მეტად მოებღაუჭოს. ევროკავშირი არის სხვა ერების მაგნიტი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც სწორედ ამ ანტიევროპულ პროპაგანდაში არიან აქტიურად ჩართული. ამაში იღებენ ხელფასს, რომ აგინონ ევროპა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე დგება, მათი შვილები ევროპაში მიდიან, მათი ქონება იქ არის გადამალული და ა.შ.“,-განაცხადა ბადრიძემ.
როგორც მან განმარტა, „ქართულ ოცნებას“ რეალურად ისეთი ევროპა სჭირდება, რომლისგანაც ფულს მიიღებს, მაგრამ ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან მოქალაქეებს არ დაიცავს.
„ამ ხელისუფლების 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „მოღვაწეობის“ შედეგად, საითკენ შეიცვალა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება. რატომ არის, რომ ასიათასობით ადამიანი ქვეყნიდან გარბის? სამაგიეროდ მივიღეთ ულტრა მდიდრების ახალი კლასი, რომელიც რატომღაც უკლებლივ არის ხელისუფლების წევრი ან მათთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანი, რეალურად, ოლიგარქია ჩამოყალიბდა“,-განაცხადა ბადრიძემ.