„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, კონსტიტუციის 52-ე მუხლი არ გვაინტერესებსო - „ქართული ოცნების“ აქტივისტი და პროპაგანდისტი პაპუაშვილი შეარჩევს თურმე, კომისიის ნეიტრალურ, მიუკერძოებელ წევრებს, ამის ვის სჯერა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცესკოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებს ზეგ ჩაუგდებენ მესიჯს და იტყვიან, რომ ვენეციის კომისია ომს გვაძალებსო. მიშელის შეთანხმებაში ეწერა, ერთპარტიულად არ დააკომპლექტოთ ცესკო და პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ვინაიდან ძალაუფლება უზურპირებულია, აქ მაინც შეთანხმდით, რომ ნდობა იყოს არჩევნებისო. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ჩემს მიერ არჩეული პრეზიდენტი რომ არჩევს კომისიას, ესეც არ მომწონსო და ვინაიდან 2024 წელი მოდის და არჩევნებზე ძალიან გაგვიჭირდება, გამოცდილი გამყალბებლები თუ არ გვეყოლება ცესკოში, ისე არ გვინდა არავინ სხვაო. ასევე თქვეს, კონსტიტუციის 52-ე მუხლი არ გვაინტერესებსო, რომელიც ამბობს, რომ ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და ეს უნდა გაიწეროს ორგანულ კანონში. „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის კი არა პაპუაშვილის უფლებამოსილებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია და ქართული ოცნების აქტივისტი და პროპაგანდისტი თურმე შეარჩევს ნეიტრალურ მიუკერძოებელ კომისიის წევრებს, ამის ვის სჯერა? ეს არის იმისთვის, რომ წინასწარ დაიჭირონ თადარიგი მოსალოდნელ გაყალბებებზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს თუ მანამდე დაჭირდება არჩევნებისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.