პაპუაშვილი არის მაგალითი იმის, თუ როგორ ცვლის სკამი ადამიანს - რიგით პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა, მისი და "ქართული ოცნების" ე.წ. ათასლარიანი ექსპერტების განცხადებებში ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ არის თუ რაში იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული და მან აუდიტი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას უნდა გაუკეთოს. მანჯგალაძის თქმით, თუ რევოლუციას ამზადებს ვინმე, ეს არა აუდიტის, არამედ სხვა სამსახურების კომპეტენციაა, "ამიტომ მსგავსი განცხადებები პროპაგანდისტულია".
„პაპუაშვილთან შეხება მქონია, საარჩევნო კოდექსთან, სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით და ნამდვილად სულერთი არ არის ადამიანთან დამოკიდებულება ჩემთვის, პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებ ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ პაპუაშვილი არის მაგალითი იმის, თუ როგორ ცვლის სკამი ადამიანს. ბოლო პერიოდში ის ჩამოყალიბდა რიგით პროპაგანდისტად, "ქართული ოცნების" ე.წ. ათასლარიანი ექსპერტების და პაპუაშვილის განცხადებები რომ შეადაროთ, ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ.
პროპაგანდაა, რომ თითქოს იარაღთან მოპყრობის კურსები IRI- მ დააფინანსა, ეს სრულიად სხვა კურსია ზურა გირჩი ჯაფარიძის და ამაში ცუდი რა არის, რომ საქართველოში, რომელიც ოკუპირებულია, ახალგაზრდებმა იცოდნენ იარაღთან მოპყრობა. რევოლუცია და გადატრიალება კი არა, ქვეყანა რომ დავიცვათ იმისთვისაა საჭირო ამის ცოდნა. ჩვენთან საჯარო სამსახური ათავისუფლებს ადამიანებს სამხედრო სამსახურისგან, როცა პირიქით უნდა იყოს. ისრაელის სახელმწიფო რატომ არის ძლიერი? - საჯარო სამსახურში ვერ მოხვდება ვერავინ თუ სპეციალური მომზადება არ აქვს გავლილი.
პაპუაშვილი ამბობს, თავად ვიყავი დონორიო, ჰოდა რომ იყავი შალვა და კარგად რომ იცი ყველაფერი და დღეს როგორც პროპაგანდისტი, საუბრობ, თქვენივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებს შენვე რომ იჯერებ, ამაშია საქმე. არ მიხარია, რომ პაპუაშვილი დღეს ამ მდგომარეობაშია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.