„ქართული ოცნება“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ბრუტალური გზებით ცდილობს - პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრების პარლამენტისთვის წარდგენის არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
ბეჟაშვილის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსი“ კონსტიტუციის სამართლებრივი ბუნების უგულებელყოფით იცვლება.
მისივე თქმით, ვეტო გამოსავალი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა სხვა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად დააბალანსოს.
„საქართველოს საარჩევნო სისტემის მთავარი პრობლემა საზოგადოების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის არარსებობაა. საარჩევნო ადმინისტრაციის უმრავლესობა მმართველი გუნდის მიერ იყო დაკომპლექტებული, მათ შორის პრეზიდენტის დახმარებით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არც ეს სისტემა იკმარა და დღეს უფრო ბრუტალურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის საკუთარ თავსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებას.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით პრეზიდენტს იმ უფლებას ართმევენ, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში მონაწილეობს.
კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პირია, ცესკოს დაკომპლექტების მხრივ მისი როლი წარმომადგენლობითად განისაზღვრება. ამიტომ პრეზიდენტმა, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირმა, კანდიდატების ნომინირება უნდა მოახდინოს, ხოლო პარლამენტმა როგორც ასევე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკურმა ორგანომ, დაამტკიცოს.
პარლამენტის თავმჯდომარეს არავითარი ლეგიტიმაცია არა აქვს. მას არც ადმინისტრაციული ფუნქციები გააჩნია - პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციული ფუნქციები მხოლოდ პარლამენტის შენობაში გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარისთვის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილების მინიჭება ცესკოს მიმართ სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებს. „ქართულ ოცნებას“ მთელი ძალაუფლების უზურპირება სურს - ეს არის ხელისუფლების მიტაცება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.