ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის მოხსნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებებს გამოეხმაურა.
წილოსანი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რისკენაც სალომე ზურაბიშვილი მათ მოუწოდებს, სწორედ პროვოკაციაზე წამოგებაა.
„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ პირდაპირ და ზუსტად, რა მოხდა - რუსეთმა აღადგინა ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო და არ იყო საქართველოს მხრიდან დაწესებული. სავიზო რეჟიმს რაც შეეხება, რაც შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ასე ვთქვათ, შეიძლება შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა ომის შემდეგ გააუქმა, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენი მხრიდან სანქციების პროაქტიულად დაწესებას არ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციების და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით, ნამდვილად ძალიან გამიჭირდება, რომ ახლა რაიმე კომენტარი ვთქვა, ერთადერთი რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, უფრო მეტად გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები.
პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი რაც შემიძლია პოზიციურად ვთქვა, ეს არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, ამიტომ თუ ის ასე ფიქრობს, რომ ეს პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა და ამ პროვოკაციაზე ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა, ვფიქრობ, არანაირ ჭკუასთან ახლოს არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე თუ ამ ჭრილში შევხედავთ საკითხს და ამას პროვოკაციად შევაფასებთ, ჩვენი მხრიდან ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება“, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.