ლევან ხაბეიშვილი - პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა - მან „რუსულ ოცნებას“, ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის ნება ურყევია და საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას და არა რუსეთს.

„პუტინმა საქართველო ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე...

ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის