საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სტუმრებს ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა გააცნეს და ახლად აშენებული ადვოკატთა სახლი დაათვალიერებინეს.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ს მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლს იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.
მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, ასევე, აღინიშნა ადვოკატთა ასოციაციის აქტიური როლის მნიშვნელობა ამ პროცესში.
ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა სხვადასხვა პროექტის საშუალებით ადვოკატთა ასოციაციისა და ქართული იურიდიული პროფესიის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.