შაჰინი და მისი მომხრეები ამბობენ, ჩვენ რასაც ვიტყვით, ის უნდა მოხდეს 2024 წელს და მანამდეცო - ეს არის ვასალური დამოკიდებულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც აშშ- ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ეს განცხადება არ ეყრდნობა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას.
„შაჰინის განცხადებამ ფაქტობრივად დაადასტურა "ხალხის ძალის" განცხადებები, რასაც მთელი ათი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩვენ და ქართული საზოგადოება თანახმა არ ვიყავით აშშ- ის მხრიდან იყოს ვასალური დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილი წავიდა ხელისუფლებიდან ჩვენი მითითებით, ასე უნდა მოხდეს ახლაც. სად არის აქ ქართველი ხალხი, სად არის შაჰინის განცხადებაში დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფლებაში. შაჰინი და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ჩვენ რასაც ვიტყვით, ის უნდა მოხდეს 2024 წელს და მანამდეც. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.