პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთში ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპისკენაა გადახრილი, ამიტომ ქართველ ხალხს კარს უხსნიან, რათა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსეთში წავიდეს და მათი „სიყვარული“ მოიპოვონ

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპისკენ არის გადახრილი და ახლა ცდილობს, რომ ნაწილის „სიყვარული“ მოიპოვონ ან დაიბრუნონ. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, რაც საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ 2012 წელს გააკეთა და რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მისცა, მაშინ რუსეთმა ძალიან მკაფიო პირობა დაუყენა საქართველოს, რომ ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, მანამდე არანაირი უვიზო რეჟიმი ქართველებთან არ იქნება.

„უცებ, მოულოდნელად მათ დაავიწყდათ თავისი პირობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მათი მთავარი მოთხოვნაა და მათ ეს უცნაური მოულოდნელი ნაბიჯი განახორციელეს. ალბათ, იმიტომ, რომ ისინი ხვდებიან, რომ ქართულ საზოგადოებას კარგავენ. „ქართულ ოცნებას“ კვლევების არ სჯერა და რუსეთს სჯერა. რუსეთი ხედავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპისკენ არის გადახრილი. უვიზო რეჟიმი რუსებს არ სჭირდებათ, უვიზო რეჟიმი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ. რუსეთი ქართველ ხალხს კარებს უხსნის, რათა ქართული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსეთში წავიდეს და მათი „სიყვარული“ მოიპოვონ ან დაიბრუნონ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით ამორალურია, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა.“

„ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის შეფასება არის ამორალური. ბუნებრივია, ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში მათ გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ამდენ ხანს რუსეთი ამ ხალხს აწვალებდა და ახლა გვაძლევს უფლებას? და რატომ ახლა? იმიტომ, რომ უკრაინაში ომია და იქ მიდის ჰუმანიტარული კატასტროფა. პუტინის წინააღმდეგ ჰააგაში აღძრულია ბავშვების მოტაცებაზე საქმე, ეს დაახლოებით ის არის, რომ ჰიტლერს დავუფასოთ ის, რომ შეიძლება უფასო სუპს ბერლინში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. როგორ შეიძლება აქ ჰუმანიტარული თემა შემოიტანო. აი, ამ ამორალურ და ანტიჰუმანურ ომში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, პაატა ზაქარეიშვილი იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უვიზო რეჟიმმა შესაძლოა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დააბრუნებინოს და აღნიშნა, რომ ამით ისინი ქართულ საზოგადოებას „აბოლებენ“.

„ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა 90-იან წლებში საერთო ენა ვერ გამონახეს. აი, ამ ჭრილობაში მარილი რუსეთმა ჩააყარა. ჩვენ მარტო რუსეთი ვერ დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პირდაპირ სოხუმზე და ცხინვალზე. ჩემნაირი ადამიანისთვის კიდევ ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს წარმოდგენა კონფლიქტებზე არ აქვთ და არც ჩვენი კონფლიქტების მოგვარებას აპირებენ. ამიტომ ქართულ საზოგადოებას „აბოლებენ“, ახლა მაინც რაღაც იქნება. არაფერი არ იქნება, ვიდრე ჩვენ პირდაპირ მუშაობას აფხაზურ და ოსურ მხარეებთან არ დავიწყებთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა