ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე - კეზერაშვილის, ხაბეიშვილის და მერაბიშვილის ლიდერობის ფონზე 19%-იც ბევრია

კეზერაშვილის, ხაბეიშვილის და მერაბიშვილის ლიდერობის ფონზე 19%-იც ბევრია, მაგრამ თავისთავად ის, რომ 31%-დან „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შემცირდა 19%-მდე, მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ხდება ამ პოლიტიკური პარტიის დასუსტება, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ის პროცენტები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს.

„მე შევადარებდი წინა არჩევნებს ამ შედეგებს. ჩვენ ავიღეთ 47% და ამასთან შედარებით გაზრდილია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც ვფიქრობ, რომ პირდაპირ ემთხვევა იმ განწყობას, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს ქართულ საზოგადოებაში. ქართული საზოგადოება აფასებს იმ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანაში არის მშვიდობა, ორი წელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ეს იწვევს რეიტინგის ზრდას. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, კეზერაშვილის, ხაბეიშვილის და მერაბიშვილის ლიდერობის ფონზე 19%-იც ბევრია, მაგრამ თავისთავად ის, რომ 31%-დან „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შემცირდა 19%-მდე, მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ხდება ამ პოლიტიკური პარტიის დასუსტება, რაც ძალიან კარგია. საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მთავარია ეს პროცენტები არ გადანაწილდეს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ესენია: „ლელოს“, ვაშაძის, „გირჩის“, გახარიას პარტია. მთავარია, რომ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს ის პროცენტები, რომელსაც სწრაფი ტემპით კარგავს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია. შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ 53%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19%, „ლელო“ 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 3%, „ლეიბორისტული პარტია“ 3%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2%, „ევროპული საქართველო“ 2% „საქართველოსთვის“ 2%, „მოქალაქეები“ 2%, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - გირჩი 1%, სხვა პარტიები 7%.

კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,

ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%-ი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს