ვფიქრობ, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენა არის პუტინის ლოგიკური გადაწყვეტილება და მას დღეს საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით ვასალური რეჟიმი ჰყავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ცალმხრივად, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ცალმხრივად, წინასწარი კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ აუცილებლად იქნებოდა. ვფიქრობ, რომ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას მართებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ის საფრთხეები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება უკავშირდებოდეს, თავიდან აარიდოს ქვეყანას. საუბარია, თუნდაც უკანონო მიგრაციის გაზრდაზე, რომელიც საფრთხეებს უქმნის როგორც ქვეყნის ფინანსურ, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა უამრავ საფრთხეებს შეიცავს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, ამიტომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას, საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომ ვიფიქროთ ვიზების შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება არის გამოძახილი იმ სოლიდარობის, რომელსაც „ქართული ოცნება“ უცხადებს რუსეთის ფედერაციას სანქციების თავის არიდებასთან მიმართებით, ევროპის დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს არის პუტინის ლოგიკური გადაწყვეტილება და მას დღეს ვასალური რეჟიმი ჰყავს „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.