სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ჰყავს უვიცი პრემიერი, ვინც საერთოდ არ იცის და არ ესმის რას ლაპარაკობს, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებული განცხადებები.
როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვების გზაზეა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება არის მნიშვნელოვანი.
„ვის მიმართავს, როდესაც ლაპარაკობს კონსერვატიულ ფასეულობებზე, ოჯახის დაცვაზე და სხვა საკითხებზე, სწორედაც რომ ევროპის ფასეულობებია. პირველ რიგში, ამას რუსეთს უნდა ეუბნებოდეს. ამ ქვეყანაში, ვინმეს თუ უნდა არასტაბილურობა, არ იყოს მშვიდობა, არ იყოს ოჯახები დაცული, ახალგაზრდობა არ იყოს დაცული ეს არის რუსეთი.
სამარცხვინოა, როდესაც უვიცობასთან ერთად, პრემიერი მავნებლობს კიდევაც და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. ვურჩევდი, პირველ რიგში კონსტიტუცია წაიკითხოს და მერე ელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს. ვურჩევდი, გადახედოს უახლეს წარსულს, თუ რა უნდა საზოგადოების უმრავლესობას და მერე მოუსმინოს ორბანს.
ჩვენ ვართ ევროპული სტატუსის მოპოვების გზაზე და თითოეული განცხადება, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლების, არის უმნიშვნელოვანესი. მარტო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება კი არ არის მთავარი, მთავარია რა პოლიტიკური პროცესებია ქვეყანაში და რას აკეთებს ხელისუფლება“,- განაცხადა სამნიძემ.
სამნიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ იდეოლოგია არ გააჩნია.
„ეს არის პარტია, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია. ეს არის პრემიერი, ვინც არ იცის რაზე ლაპარაკობს, ცოდნა არ აქვს ამის და არ აქვს იდეოლოგია. ნულია მისი იდეოლოგია და ღირებულებები. ღარიბაშვილის იდეა არის ერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის და რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის ხედვა, ის უნდა გააჟღეროს. ერთი-ერთში უნდა გაიმეოროს, თავის კორექტირებასაც ვერ შეიტანს.
„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, ქვეყანა უნდა გახდეს ევროპული მმართველობის, ეს ნიშნავს ჩრდილოვანი და არაფორმალური მმართველობის გვერდზე გადადებას, ამიტომ არჩევანს სხვა მხარეს აკეთებენ, რუსულ მმართველობაზე“, - განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა თქვას, ვინ უთხრა ან შესთავაზა ხელი მოეწერა ისეთ რამეზე, რომელიც ქვეყანაში ოჯახის სიწმინდეს არღვევს - თქვას, დაასახელოს“,- აღნიშნა სამნიძემ.