ხიფათი დიდია „ქართული ოცნების“ პირობებში, მარტო ევროპული მომავალი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, შეიძლება სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაც დადგეს და ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვა ფიზიკურადაც , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის მტკიცებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება „ქართული ოცნების“ ღალატის საფასურია.
„რუსეთისთვის თავისუფალი საქართველო არის პრობლემა და ამ თავისუფალი საქართველოს წყარო არის ქართველი ხალხი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი. ამას ებრძოდნენ წლების განმავლობაში და ახლა ფოჩიანი კანფეტების გადმოყრა არაფერს ნიშნავს, ეს არის ღალატის საფასური. უვიზო მიმოსვლაც იყოს, ფრენაც იყოს, მაგის წინააღმდეგი ვინ არის, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა არის პოლიტიკური, ის არ არის თავისუფლების ბაზარი, ის არის პოლიტიკას და სამხედრო ინტერესს დაქვემდებარებული ეკონომიკა, იმპერიულ ინტერესებს დაქვემდებარებული. არ უნდა იყო რუსეთზე დამოკიდებული, დივერსიფიკაცია უნდა გააკეთო, ხორბალზე არ უნდა გახადო ქვეყანა დამოკიდებული, სტრატეგიულ მარაგებზე არ უნდა გახადო დამოკიდებული, ენერგეტიკულად არ უნდა გახადო დამოკიდებული, სასურსათო უზრუნველყოფა რუსეთზე არ უნდა მიაბა, ენერგო უსაფრთხოება რუსეთს არ უნდა მიაბა, პოლიტიკური უსაფრთხოება რუსეთს არ უნდა მიაბა. ამაში ვამხელთ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მარტო ვიზა არაფერს ნიშნავს, ერთობლიობაში დავინახოთ სურათი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადებების მოსმენისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მტერია და „სასარგებლო იდიოტია“ ერთდროულად.
„როცა საუბრობდა, მაშინაც გამიჭირდა მოსმენა, მერე ვკითხულობდი და ფსიქოლოგიურად დავიძაბე. მოსიარულე ბოტის გზავნილებია. ეტყობა „მესიჯებად" აქვს გაწერილი, თავს ვერ უყრის და საერთო ჯამში აჯაფსანდალი გამოდის. ასეთ ადამიანზე ასეთ რამეს ამბობენ, ან მტერია ან „სასარგებლო იდიოტიო“, ის ორივე ერთადაა, ღარიბაშვილი არის იშვიათი ეგზემპლარი, რომელიც ორივე კრიტერიუმს თანაბრად აკმაყოფილებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.