რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.
დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს; როგორც საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.