„ქართული ოცნების“ და ღარიბაშვილის განცხადებები მძიმე მოსასმენია, ასე მგონია, რომ სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის კარიკატურა მელაპარაკება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მათ ფსევდო ქრისტიანული და ფსევდო-პატრიოტული რიტორიკა აქვთ.
დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები რუსულ ნარატივს იმეორებენ.
„ვისაც უნდა გაფრინდეს, თუ მთელი “ქართული ოცნება“ იყიდის ბილეთს და ერთიანად გაფრინდებიან აქედან, მაგას რა სჯობს, ჩვენ თვითონ ვუყიდით ბილეთს, ოღონდ ეს უმრავლესობა გაფრინდეს მოსკოვში და იქიდან აღარ ჩამოფრინდნენ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც ხალხი ახორციელებს ძალაუფლებას და არა ივანიშვილი. „ქოცები“ რომ მოვლენ, ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ხელისუფლება თუ ხალხს, ან ჰკითხეთ, ივანიშვილის რაიმე ნაკლი თუ იცის ვინმემ, საერთოდ ვერ ნახავენ ასეთს: მზეს ხომ ჩრდილი აქვს, ბიძინას - არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში ხელის ჩამომრთმევიც კი არ დარჩა, ყოველ დღე რუსულ ნარატივს იმეორებენ, რომ „დასავლეთს ომი უნდა“, „პატარა ერების იდენტობას და ქრისტიანობას საფრთხე ემუქრება“. რა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გარდა ხალხის ნებისა და მონდომებისა - ღარიბაშვილის კუდის ქიცინი?! რომ არ იყოს ევროპა აქ და დასავლეთი, აი, გაიქცნენ, წავიდნენ, რუსებს რა გააჩერებს? - ღარიბაშვილი და კობახიძე კუდებს გააქიცინებენ და ეს დაიცავს ქვეყანას?!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.