მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების წესი ახლებურად დარეგულირდება.
სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების განცხადების ხანგრძლივობისა და გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის წესებში ცვლილებები შედის, რომელიც 2024 წლის მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება.
მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებებისათვის 30 წუთი ეთმობათ. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, დეპუტატს შეუძლია განცხადებისთვის დამატებით 1 წუთით ისარგებლოს.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით აღნიშნული მუხლი იცვლება და შემოდის წესი, რომლის თანახმად, ფრაქციაში გაწევრებული თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა 1 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ერთი ფრაქციის წევრებს განცხადებისთვის გამოყოფილი დროის ერთმანეთისთვის დათმობის შესაძლებლობა ექნებათ. რაც შეეხება პარლამენტის უფრაქციო წევრებს, მათი განცხადების ხანგრძლივობა 3 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტის გათვალისწინებით, უფრაქციო დეპუტატებს მათთვის განკუთვნილი დროის სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობის უფლება არ ექნებათ.
რეგლამენტის პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გრეტა წიწავა.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.