ექვსი ოპოზიციური პარტია - „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო

ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვების რეალური საფრთხე შეუქმნა, რითაც პირდაპირ გაზარდა მტრის ხელახალი თავდასხმისა და აგრესიის რისკები საქართველოს მიმართ.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავედ და ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურად აღიარებული ვლადიმერ პუტინის განკარგულებითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, მომავალი კვირიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო. სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება.

ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო.

მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატო-ს სწავლება „მცველი 2023“-ში მონაწილეობაზე, თავს დაესხა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), დატოვა სიდიდით მეორე ევროპული პოლიტიკური ოჯახი, თანხმობა განაცხადა რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე.

საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და მტერთან - რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა. პუტინისა და ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველო ღიად უპირისპირდება რუსეთის სანქცირების დასავლურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას.

ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად?

საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ელენე ხოშტარია - დროა“;

„გირჩი-მეტი თავისუფლება“;

„ლელო საქართველოსთვის“;

„სტრატეგია აღმაშენებელი“;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

„ევროპული საქართველო“.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის