ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, ვერ პასუხობს ევრორეკომენდაციას და ამას ადასტურებს ვენეციის კომისია - თუ გამოწვევების დაძლევის სურვილი არ აქვთ, თქვან და აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აგდებენ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არის იმის რესურსი, რომ სასამართლოსთან მიმართებით კონსოლიდირებული, ერთიანი პოზიცია დაფიქსირდეს და ამ კონსენსუსში გამონაკლისი არის „ქართული ოცნება“.
„იმ 4 დასკვნაში, რომელიც ჩამოსულია, დეტალურად და გასაგებადაა საუბარი, რა არის საჭირო ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. მაგალითისთვის, კორპორატივიზმი ანუ კლანური მმართველობა იუსტიციის საბჭოში, რომლის გამოც მმართველმა ძალამ მოახერხა, რომ სასამართლო სისტემის წამყვანი თანამდებობის პირები არიან დასანქცირებული. ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინონ? რა საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი, თუ მთავარ პრობლემას - კორპორატივიზმს, კლანურობას არ უპასუხებ საკანონმდებლო ცვლილებებით? თუ უნდათ რეალური რეფორმა, მაგიდაზე დევს კონკრეტული პუნქტები, მათ შორის ჩვენს მიერ მომზადებული კონკრეტული ფორმულირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემა.
ძალიან ბევრი გამოწვევა არის სასამართლოში და თუ მათი დაძლევის სურვილი არსებობს, ეს უნდა აჩვენონ საკანონმდებლო ცვლილებებით. თუ ასეთი სურვილი არ არსებობს, მაშინ თქვან და აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აგდებენ კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.