ხვალინდელ სხდომაზე გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული "ქოლ ცენტრების" უკან - საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას "ქოლ ცენტრების" უკან, მათ შორის, მათ კავშირს მიხეილ არახამიასთან, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, სრული მობილიზება ჰქონდეს "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრაზე.
ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ "ქოლ ცენტრს" დაზარალებულები არა მარტო ევროკავშირში, არამედ საქართველოშიც ჰყავს.
„მიმდინარე კვირაში პარლამენტში უნდა გამოვიდეს "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე. თუ "ქართული ოცნება" კვლავ მოახდენს ამ კენჭისყრის საბოტაჟს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ "ქოლ ცენტრების" უკან დგანან თვითონ. მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ გვქონდეს სრული მობილიზება, ეს არის პარტია "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული კომისია, რა თქმა უნდა, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რამხელა დანაშაულებრივი სქემა აქვს "ქართულ ოცნებას" აწყობილი, რომლითაც მდიდრდებიან თვითონ და აფინანსებენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული "ქოლ ცენტრების" უკან, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება. კონკრეტულ სახელებს და გვარებს ადამიანების, თუ ვინ დგას რეალურად ვინმე მიხეილ არახამიას უკან, თუ ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ, რომ შეებღალათ ჩვენი სახელი, ამას ყველაფერს ხვალინდელ სესიაზე გავასაჯაროებთ მტკიცებულებებით, სახელებით და გვარებით, რადგან როცა საგამოძიებო ორგანოები არ ატარებენ გამოძიებას, ჩვენ მოგვიწია ამ მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა და საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას "ქოლ ცენტრების" უკან, მათ შორის, მათ კავშირს მიხეილ არახამიასთან და სხვა დანაშაულებრივ ჯგუფებთან, რომელიც ძარცვავს არამხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ამ "ქოლ ცენტრებს" არ ჰყავს მსხვერპლი მხოლოდ ევროკავშირში, როგორც ჩვენ დავადგინეთ ამ "ქოლ ცენტრებს" ჰყავთ მსხვერპლი საქართველოშიც,"- განაცხადა ვაშაძემ.