ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება თავის ინტერვიუში 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს მხოლოდ უკრაინის ომიდან გამომდინარე , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველას ავიწყდება, რომ 2008 წელს ამ ქვეყანაში ომი იყო და 2019 წლიდან კი არ შეიცვალა სიტუაცია, არამედ რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო.
„რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 2008 წელს ამ ქვეყანაში იყო ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რაღაც მოხდა. 2019 წლის შემდეგ კი არ შეიცვალა სიტუაცია, მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? მანამდე საოკუპაციო მოქმედებებს არ ახორციელებდა ამ ქვეყანაში? ეს გადავშალეთ და თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას მხოლოდ უკრაინის ომის გამო, თუ რას ვაკეთებთ?", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპონენტების ლოგიკაა, რომ თუ სააკაშვილი სანქციებს უხსნიდა რუსებს, "ეს პროევროპული ყოფილა" , ხოლო თუ "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს - პრორუსული.
"ავიწყდება ყველას, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს სანქციები, ოკუპანტმა ქვეყანამ მოუხსნა, რასაც ჩვენი პარტნიორები ევროპიდან ითხოვდნენ და თურმე ახლა ჩვენ უნდა დავუწესოთ იმიტომ, რომ ეს მათ არ გაასაღონ პრორუსულად. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ ჩვენს ოპონენტებს და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება თავის ინტერვიუში 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე მხოლოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.