თავსებადი არ არის თან ევროპა გინდოდეს, თან პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან და დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე - თავსებადი არ არის, რომ თან პოზიტიური საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და რამდენიმე თვეში, გაუგებარ კაბინეტში დაწერილი ძალიან ცუდი ცვლილებები შემოგქონდეთ, იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებს.
ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არ სურს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო შედგეს.
„საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია გააცხადეს თავისი ურყევი ნება- საქართველოს მოქალაქეებს სურთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავალი, ევროპული მშვიდობა და ევროპული კეთილდღეობა. ეს დავალება გაქვთ თქვენ კონსტიტუციიდანაც, რომ გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გავხდეთ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. თქვენ ეწინააღმდეგებით ხალხის გაცხადებულ ნებას და არღვევთ კონსტიტუციას! ერთი ხელით, თითქოს, პარლამენტში ქმნით სამუშაო პროცესს, მეორე ხელით და მთელი ძალით ავრცელებთ ანტიევროპულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. ამბობდით, რომ ევროპას, თურმე, უნდოდა საქართველოში მშვიდობის დარღვევა. თუ ასეთი ცუდია ევროპა, ეს საკანონმდებლო პროცესი საით მიდის, ამ ცუდი ევროპისკენ? გაზომეთ და დაინახეთ, რომ ამ მესიჯმა საზოგადოებაში არ იმუშავა და ახლა ახალი მესიჯი გაქვთ, რომ ევროპა თურმე საქართველოს და ქართველ ერს იდენტობას წაართმევს. თუ იდენტობას წაართმევს და ღირსებას შეულახავს საქართველოს, მაშინ საით მიდის ეს საკანონმდებლო პროცესი, რასაც აქ ქმნით - ამ ცუდი ევროპისკენ? ან გააკეთეთ მკაფიო განცხადება და გაემიჯნეთ ტროლების ქარხნის მიერ წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას ან თქვით, რომ დიახ, ეს არის! მერე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას,როგორ მოგექცეთ. თან ერთი ხელით ვითომ აქ მუშაობდეთ და თან გამალებით ანტიევროპულ პროპაგანდას აწარმოებდეთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის. თავსებადი არ არის, თან ევროპა გინდოდეს და თან პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან და დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თავსებადი არ არის, რომ თან სამუშაო ჯგუფსა და კომიტეტზე პოზიტიურ, მეტ-ნაკლებად, პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და რამდენიმე თვეში, სადღაც დახურულ, გაუგებარ კაბინეტში დაწერილი, ერთპარტიული, სრულიად არასწორი, არაევროპული, ძალიან ცუდი ცვლილებები შემოგქონდეს საარჩევნო კანონმდებლობაში და იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად. ის კარგი ცვლილებები, ახლა, ამ ძალიან ცუდი ცვლილებებით, სრულად წყალში იყრება. არ გინდათ თქვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. არ გინდათ, რომ ეს სახელმწიფო როგორც ევროპული სახელმწიფო შედგეს, კორუფციისგან, უსამართლობისგან, ჩაგვრისგან, უფლებების დარღვევისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება და ყველას ღირსება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მეშვეობით, კონსტიტუციური და არა ოლიგარქიული მმართველობით. გამოდით და გაეცით კითხვებს პასუხი! ეს სამუშაო პროცესები და საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის კეთდება, რომ ცუდ ევროპაში შეათრიოთ ეს ქვეყანა, რასაც თქვენ ტროლებს და ბოტებს ავალებთ, რომ მუდმივად ეს გაავრცელონ. ან გაემიჯნეთ ამ ანტიევროპულ პროპაგანდას და გასაგებად ესაუბრეთ საზოგადოებას, რა არის ევროპა და რატომ უნდა იყოს საქართველო მისი ნაწილი, ან... პროპაგანდისტობა ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ამაში თქვენ ხარჯავთ დროს, ფულსა და ენერგიას. ეს მიუღებელია და მიუღებელი დარჩება. ამაზე მიიღებთ პასუხს, სანამ მკაფიოდ არ გაემიჯნებით ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.