არ დასრულდება სანქცირება მურუსიძე-ჩინჩალაძით, წინ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება. არავინ აპირებს, რომ დაგითმოთ ეს ქვეყანა არც თქვენ და არც ბიძინა ივანიშვილს, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა გაზრდის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციები გვერდის ავლის მიზნით იქნება გამოყენებული.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარი, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი ისევ არ გვექნება, რადგან პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. მაგრამ სამწუხაროდ, ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
დღეს გამოქვეყნდა დასკვნა 12 მოთხოვნის შესრულების თაობაზე, საიდანაც ჩვენ ვიგებთ, რომ დღემდე შესრულებულია ერთი მოთხოვნა და საინტერესოა, რა წარმატებაზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოაძევეს საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან იმიტომ, რომ ასცდა ევროპული განვითარების გზას და დღეს არის რუსეთის სატელიტი პოლიტიკური ძალა და რუსების სატელიტებს ადგილი არ აქვს ევროკავშირში. როდესაც ამბობთ, რომ ვიღაც ითხოვს ქვეყნის სანქცირებას, იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც ჩვენ შეგვიწყვიტეს დახმარება და „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ დახმარებაზე და მოატყუეთ თქვენი ჭკუით ხალხი, რომ ვითომ არ გასანქცირებდნენ. ახლა ისევ ცდილობთ, რომ ვიღაც მოატყუოთ, რომ ვითომ „სოციალისტური პარტიიდან“ თვითონ წამოხვედით, კი არ გაგდებდნენ და დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა არ უნდა დასანქცირდეს და ამიტომ ჯობს, რომ მაგალითად, მურუსიძე და ჩინჩალაძე დროულად დაესანქცირებინათ, რომ საქართველოს მილიონობით დახმარება არ დაეკარგა და დიახ, დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩვენი ქვეყანა არ დასანქცირდეს. რადგან ის, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს, მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენა - ეს არის სწორედ პირდაპირი საფრთხე, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ, რადგან რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე, რომ თქვენი დამსახურებით არამხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი, არამედ ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ და ჩვენ გვირჩევნია ივანიშვილი დასანქცირდეს და დასანქცირდეს ის ხალხი, რომელიც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. არ დასრულდება სანქცირება მურუსიძე-ჩინჩალაძით, წინ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება. არავინ აპირებს, რომ დაგითმოთ ეს ქვეყანა არც თქვენ და არც ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.