პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 6 მაისს, თბილისში, აღმაშენებლის N75-ში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მისი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას გასაშავებლად გამოიყენა და მათი „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება სცადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულს „პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილ ოპერატიულ ლეგენდას“ უწოდებს.
„6 მაისს, აღმაშენებლის N75-ში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს უსიტყვოდ, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას „გაშავება“ და თითქოსდა რაღაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ეს პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აწარმოებდნენ. მე მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მისი განცხადებით, ხელთ აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ეს კონკრეტული შემთხვევა და „ქოლ-ცენტრების" თაღლითური სქემა, რომელიც „არამხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტი არსებობს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მტკიცებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული.
„13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი , თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ ასეთ კომპანიას, „ქოლ-ცენტრს“, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონერებს. ვინ არის ჩაჩი დასენი? ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის. ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ აი, ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას „ქოლ-ცენტრების“ სქემის უკან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მის ხელთ არსებულ მთელ მტკიცებულებებს მედიასაც გადასცემს. ამასთან, ის აცხადებს, რომ ამ საქმეს კვლავ მიჰყვება და ევროპელ სამართალდამცველებსაც „აუცილებლად ყველა მტკიცებულებას“ წარუდგენს.
„კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას „ქოლ-ცენტრების“ უკან, სწორედ ამიტომ აჭიანურებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები დასაბუთებულია შპს-ების სარეგისტრაციო დოკუმენტებით და დასტურდება ამ ადამიანების კავშირი.
ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი დიდი თაღლითური სქემისა, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია და ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე, დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე, არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას დღეს საქართველოში. აი, ბატონო სახელები და გვარები, ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც აუცილებლად ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ”, - დასძინა ვაშაძემ.