შალვა კერესელიძე მთავრობას - ხორბლის მწარმოებელი ადგილობრივი ფერმერები ეკონომიკური ექსპანსიისგან დაიცავით

გამოიჩინეთ პოლიტიკური ნება, რათა შესაბამისი კანონმდებლობით გამყარდეს საქართველოში ხორბლის წარმოების ხელშეწყობა და დაიცავით ადგილობრივი ფერმერები ეკონომიკური ექსპანსიისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა და ხელისუფლებას მიმართა.

შალვა კერესელიძემ ხორბლის მწარმოებელი ქართველი ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახელი ფერმერების პროტესტი ხორბლის ფასთან დაკავშირებით სამართლიანი იყო.

„პრობლემა იმაშია, რომ ხორბლის მწარმოებელი ქართველი ფერმერები მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას 40 თეთრზე მეტად ვერ ახდენენ, მაშინ როდესაც საშუალო თვითღირებულება 60 თეთრს შეადგენს. ეს იმ მოცემულობაში, როდესაც ხორბალი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც სტრატეგიული კულტურა და საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნის 15 %-ზე მეტს. მალე დაიწყება ახალი მოსავლის აღებაც და ადგილობრივი ფერმერები კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დადგებიან. დღის წესრიგში დადგება ახალი მოსავლის დასაწყობების პრობლემა“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან დაბალ ფასად შემოტანილი ხორბალია.

„მსოფლიოში არ მეგულება პრეცედენტი, როდესაც ხორბალი როგორც კულტურა სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტად, მისი წარმოება სახელმწიფოს შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 15% აკმაყოფილებდეს და რეალურად ადგილობრივი ფერმერები წარმოებული ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფო 90%-ით რუსეთიდან შემოტანილ მარცვლეულზე იყოს დამოკიდებული და ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი მთლიანად ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიოდეს. შესაბამისი საბაჟო ტარიფების თუ სწორი დაბეგვრის რეჟიმების გამოყენებით, სამართლიანი, თანმიმდევრული, ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული პოლიტიკის დანერგვით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სამართლიანი რეგულაციების გზით, დაიცვას ადგილობრივი ფერმერები და ადგილობრივი წარმოება რუსული ეკონომიკური ექსპანსიისგან“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის