პოლიტიკური რადიკალური ჯგუფებიდან საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, თუ სად ხედავენ პრობლემას და სადაა პრობლემის გადაჭრის გასაღები - მათ, ვინც ჩართულნი არიან მართლმსაჯულების პროცესში, ერთხმად აღიარეს, რომ ცვლილებები, ისეთი მაღალი სტანდარტისაა, როგორც ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაში არაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთი მხრივ იყო საქმიანი მიდგომა, სადაც ყველამ აღიარა, რომ დაგეგმილი ცვლილებები მაღალი სტანდარტისაა, მეორე მხრივ კი გამოჩნდა მიდგომა, სადაც ოპოზიცია კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და მართლმსაჯულების სისტემას ურტყამს.
„დღევანდელ შეხვედრაზე იყო ორი მნიშვნელოვანი მიდგომა - ერთი საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული, სადაც ყველამ თქვა, რომ ცვლილებები, რაც შემოგვაქვს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება და მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან მაღალი სტანდარტის დაწესებაა. მეორე მხრივ კი, რაც დავინახეთ ისაა, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ცრუპენტელები და უსაქმურები არიან და არა შედეგზე ორიენტირებულები, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით განმსჭვალულები არიან, დარჩნენ თავიანთ პოზიციაზე და აჟღერებენ პოლიტიკურ განცხადებებს, მართლმსაჯულების სისტემას ურტყამენ ისე, რომ ერთი არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ, თუ რატომ არის ეს ცვლილებები არასწორი. თავიანთი პოზიციის მართებულობაში ვერ დაგვარწმუნეს, რადგან მტკიცებულება და არგუმენტი დღემდე არ წარმოუდგენიათ”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.