ჩვენ ახლა ვხედავთ ევრორეკომენდაციის საბოტაჟს. ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად კენჭისყრები უნდა გამართულიყო.
კენჭისყრებს და საკითხების განხილვას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
„ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თავის დროზე, ესენი ამას ახერხებდნენ და ახლა ვერ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელი ამბავია სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცე ხმა, აი, ეს არის „ნაცური“ მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ. ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. ბატონო თავმჯდომარე, გთხოვთ, ახლა შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე დადგა, მიღებულია. უკვე დიდი ნაბიჯი არის გადადგმული, რომ კიდევ ერთი ევროპული რეკომენდაცია შევასრულოთ და ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული რეკომენდაციების და ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს რეალურად რა ხდება, ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ მიდის ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.