„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოსწავლეების ტრანსპორტირების კუთხით სერიოზული ხარვეზები არსებობს.
მისივე თქმით, ის განათლების საკითხებზე აქტიურად მუშაობს და სამწუხაროდ, მდგომარეობა უმძიმესია.
„გაზვიადების გარეშე - უმძიმესი [მდგომარეობაა]. არადა, საქმე ეხება სახელმწიფოსთვის ყველაზე პრიორიტეტულ თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას - განათლებას. დღეს მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ამ სფეროს კიდევ ერთ სერიოზულ ხარვეზზე, კერძოდ, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე. თქვენ იცით, რომ სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ექვემდებარება სრულ დემონტაჟს, ან არის სარეაბილიტაციო, გადანაწილებული ჰყავთ სხვა სკოლებში.
შედეგად, ათასობით მოსწავლე დაჰყავთ ყოველდღიურად ერთი ლოკაციიდან მეორეზე, რაც არის საფრთხისშემცველი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
ასეთ მოსწავლეებს უტარდებათ 30 - წუთიანი გაკვეთილები, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე.
მოსწავლეები კარგავენ დროს მგზავრობაში, ბუნებრივია, იღლებიან კიდეც და ენერგია არ რჩებათ სხვადასხვა სპორტულ სახეობაზე, ან დამატებით საგანმანათლებლო წრეებზე სასიარულოდ.
ერთი სამგზავრო მიკროავტობუსით ხშირად გადაჰყავთ იმაზე მეტი ბავშვი, ვიდრე სავარძელია ტრანსპორტში, ირღვევა რეგულაციები.
ამას ემატება ისიც, რომ ზოგ მოსწავლეს 5 გაკვეთილი აქვს, ზოგს- 6. ამ შემთხვევაში, პირველს უწევს მოცდა და ფაქტობრივად, ლოდინში კარგავს ამ დროს. ეს ყველაფერი გრძელდება წლების განმავლობაში. თბილისში არაერთი სკოლაა, რომელიც 2021 წელს, 2022 წელს უნდა ყოფილიყო დასრულებული და დღემდე არ არის ჩაბარებული.
ამ არაორგანიზებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო დამატებით იხარჯება მილიონობით ლარი, ზარალდება სახელმწიფო, მოსწავლეები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას და პასუხისმგებელი კი არავინ არის მთელ ამ ქაოსზე“, - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.