მე მგონია, რომ თქვენი საჩხუბარი ტონი საქართველოს პარლამენტს არ შეეფერება - გვესაუბრეთ, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ ერთმანეთისგან გაარჩიეთ პირადი გაბრაზება და პოლიტიკური პაექრობა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზირება წარმოადგენს და ხელისუფლება მათ „სასამართლოზე შტურმის მიტანის საშუალებას არ მისცემს“.
„პრობლემა არის ის, რომ თქვენ რეალურად გსურთ სასამართლოს პოლიტიზირება და თქვენი ამოცანაა, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კვოტები სასამართლოში და გადაწყვეტილებები თქვენი ინტერესების შესაბამისად დაიბლოკოს. ეს ისტორია ჩვენ გვახსოვს, ეს კინო ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს. შესაბამისად, თქვენ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ „ნაციონალური მოძრაობის“ წესებით მუშაობის შესაძლებლობას. განსაკუთრებით იქ, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვაზე, მოსამართლეთა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაზე, სასამართლოზე შტურმის მიტანის საშუალებას არ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საერთაშორისო სტანდარტის და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე არსებულ რეგულაციებს მივიღებთ და შესაბამისად, ეს პუნქტი ჩვენი მხრიდან უნდა შეფასდეს დადებითად, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
პასუხად, ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ საუბარია ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის დღევანდელი რედაქცია სასამართლო „კლანს“ არსებობის შესაძლებლობას აძლევს და არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
„რაც არ უნდა ისაუბროთ, მე არ დავიჯერებ, რომ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან კონსტიტუციას და ორგანულ კანონს. ამას არ დავიჯერებ, რადგან ამდენი კვალიფიკაცია გაქვთ, რაც არ უნდა პოლიტიკურად მანიპულაციებში იყოთ გახლართული. გითხარით გუშინ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც დღევანდელი რედაქცია შესაძლებლობას აძლევს „კლანს“, რომ იარსებოს. ამაზე ვსაუბრობ და ამაზე მიპასუხეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პასუხად, ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს განუცხადა, რომ „საჩხუბარი ტონი“ საქართველოს პარლამენტს არ შეეფერება.
„წესით პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ იმდენი ქალბატონო ანა, რომ ასე პირად წყენად არ იღებდეთ რაღაც პასუხს. მგონია, რომ არ უნდა გვეჩხუბოთ. ეს თქვენი საჩხუბარი ტონი მე მგონია, რომ არ შეეფერება საქართველოს პარლამენტს. თუ რაიმეში გაგვაკრიტიკებთ - გაგვაკრიტიკეთ, კი ბატონო, მაგრამ რომ გვეჩხუბები, არ მიიჩნევა სწორ ტონად. გთხოვთ, რომ, როდესაც თქვენ გამოხვალთ, გვესაუბრეთ, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ ერთმანეთისგან გაარჩიეთ პირადი გაბრაზება და პოლიტიკური დებატი და პოლიტიკური პაექრობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.