სტოკჰოლმში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პლენარულ სხდომაზე დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტები მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის და საქართველოს მიმართულებით და ადასტურებენ, რომ მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა.
მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საკითხზე გამართული განხილვისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
„ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ რუსული აგრესია, რომლის შედეგიც არის ოკუპაცია, უკანონო სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში, რომელიც დღემდე გრძელდება და იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ადამიანი. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საფრთხეები გაზრდილია და შესაძლო სამხედრო ესკალაციის რისკი მაღალია, მაშინ როცა ჩვენ ჯერ არ ვართ დაცული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით და არ ვსარგებლობთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს სრულ შესაბამისობას ევროკავშირის სანქციებთან. საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს სანქციების აღსრულებაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის ცნობითვე, COSAC-ის პლენარულ სესიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო „ტრიოს“ (ჩეხეთი, შვედეთი, ესპანეთი) სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა. ვიზიტში ასევე მონაწილეობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე.