პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
პარლამენტის პლენარული სხდომა, 12:00 საათზე, სწორედ კენჭისყრებით დაიწყება.
ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკალაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ.