საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ მხარს უჭერენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
ლუკ კოფის თქმით, რის მიღება სურს, ვილნიუსის სამიტის საშუალებით საქართველოს მთავრობას, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.
„ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ ყოფილა, მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას ნატო-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღებას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია.
ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ნატო-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - განაცხადა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“.
კითხვაზე, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, საქართველოს კი მოსაპოვებელი აქვს, ნატოში გაწევრიანების გზაზეც, მოვლენების მსგავსი განვითარება ხომ არ შეიძლება ვიხილოთ, ლუკ კოფი პასუხობს, რომ ეს არ იქნება იგივე შემთხვევა.
„ვფიქრობ, ეს არ იქნება იგივე შემთხვევა, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროკავშირში წევრობისთვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ განსხვავებულ კრიტერიუმებს, ეს არის ძალზედ განსაზღვრული“, - განაცხადა მან „ამერიკის ხმასთან“.