ოპოზიციური ფლანგიდან „ქართულმა ოცნებაბ“ ნახა 5 ადამიანი, რომლებმაც სიბინძურეში მიიღეს მონაწილეობა - ამას მე სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ თუ არა სიბინძურეს, ძალიან მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას გამოეხმაურა, რასაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.
საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ისინი პარლამენტში მათი სიით მოხვდნენ.
„ოპოზიციური ფლანგიდან მათ ნახეს 5 ადამიანი, რომლებმაც ამ სიბინძურეში მიიღეს მონაწილეობა. ამას მე სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ თუ არა სიბინძურეს, ძალიან მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. რატომ მიიღეს, გაიყიდნენ, შეეშალათ, ნასვამები იყვნენ თუ სულელები იყვნენ... მე არავისთვის არანაირი იარლიყის მიწებება არ მინდა, მაგრამ მათი ხელით ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნა.
ეს მიანიშნებს უფრო ფართო პრობლემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ, არცერთ კოლეგას პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ უნდა, რომ ეს მომხდარიყო, პასუხისმგებლობა ასეთ რაღაცაზე არის იმ პარტიის, რომელმაც ეს ხალხი მოახვედრა პარლამენტში, უპასუხისმგებლო ხალხი, ხალხი, რომელიც კრიტიკულ მომენტში დაეხმარა ამ ხელისუფლებას ქვეყნის საზიანო საქმის გაკეთებაში. ეს არის, ჩემი აზრით ლოგიკური შედეგი წარსული პრობლემების, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, სიის დაკომპლექტების წესი, გაუმჭვირვალე და აბსოლუტურად ჩრდილოვანი პროცესის შედეგად შედგენილი სია“, - განაცხადა საბა ბუაძემ.