პრემიერი - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური დაწესებულება და კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, არის სწორი - ამით დასრულდა ყველა ცილისწამება და ბრალდება

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური დაწესებულება და ის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, არის სწორი და შესაბამისობაში. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს.

„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაქართველოს კამპანია. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ რაც მოვათავსეთ ციხეში, დაიწყო აღვირახსნილი, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა იმის თაობაზე, რომ მისმა ოჯახმა, დედამისმა, ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-ში. მის ოჯახს, მის ადვოკატებს „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა უნდა დაუსვას, საიდან აქვთ ეს ერთი მილიონი დოლარი? მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. მე ძალიან ბევრი მეგობარი, ევროპელი ლიდერები, კოლეგები მესაუბრებიან და მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არც ერთი ქვეყნიდან, პირიქით, მეუბნებიან, რომ ეს არის მტრობა. ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე, მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, რომ თითქოს, ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს და ხალხმა ნახა, რომ არცერთი მათი არგუმენტი და ფაქტი არ გაითვალისწინა სტრასბურგმა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, არის სწორი და შესაბამისობაში. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში. მინდა ვკითხო, ეს ამდენი შეკვეთილი სტატია, უცხოეთში, სხვადასხვა არხებზე დაფინანსებული სიუჟეტები, რომ ჩვენ თურმე რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, რომ ვკლავთ, რომ არ ვემსახურებით და ა.შ. ამაზე რა კომენტარი ექნება იგივე ამ დესტრუქციულ ძალას? ამით ვფიქრობ ყველაფერი ითქვა, სახეზეა სიმართლე. ჩვენ არაფერს ვიგონებთ, არ ვმალავთ, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა