აშშ-ის ვიზის მისაღებად, პირველ რიგში უნდა წარადგინო განაცხადი ვიზის მისაღებად აშშ-ში გასამგზავრებლად. ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს ვებგვერდზე გარკვევით არის გაწერილი და ათასობით და ათასობით ქართველი, რომელიც ამ ნაბიჯებს გაივლის, იღებს ვიზას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ ვერ მიიღო ანსამბლმა „მართვემ“ აშშ-ის ვიზა.
„ეს არ არის რთული პროცესი. ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს და საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რადგან აშშ-ში გამგზავრების სურვილი უამრავ ადამიანს აქვს და უნდა დავგეგმოთ შეხვედრები. ჩვენ ყოველ წელს ათასობით და ათასობით ქართველს ვიღებთ. მომავალ კვირას აშშ-ში იქნებიან მოცეკვავეებისა და მომღერლების ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ ადამიანებს გაცვლითი კულტურული და სხვა პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესმენებს. თუკი ადამიანები გაივლიან ყველა ნაბიჯს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მიიღებენ ვიზას, მაგრამ პირველ რიგში, განაცხადი უნდა შეიტანოთ და უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პირად ინფორმაციას შეიცავს და პირადი ინფორმაციის მიმართ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.