წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა ჩაერთოს ამ კომისიის საქმიანობაში, როცა ნახევარი პარლამენტის ოპოზიცია ეჭვმიტანილია თავისი დამფინანსებლითა და თავისი ყველაფრით?!- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს, რომელმაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
მისივე თქმით, სჯობს, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებმა მოძიებული ინფორმაცია სამართალდამცავებს გადასცენ.
„ძალიან დიდი შრომა გაგიწევიათ, ძალიან კარგი სქემაა და ფასეულია ყოველივე თქვენი ნამუშევარი. კარგი იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეს საქმე მიგეწოდებინათ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა ჩაერთოს ამ კომისიის საქმიანობაში, როცა ნახევარი პარლამენტის ოპოზიცია ეჭვმიტანილია, თავისი დამფინანსებლითა და თავისი ყველაფრით. ეს საერთაშორისო დანაშაულია, ძალიანაც რომ მინდოდეს, წაგებულ თამაშში არ ჩავერთვები, ეს არ დამთავრდება არც იმ პარლამენტში და ვერავითარი შედეგი ვერ დაიდება. რაც მოიძიეთ, ეს ფასეული ინფორმაცია მიაწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს. მთელი ევროპა ეძებს ამ ხალხს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.