საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი 2022 წელს მოეწერა.
გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის წარმატებული პარტნიორობა, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. აქვე, ხაზი გაესვა, რომ წარმატებული თანამშრომლობის დასტურია აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს.
შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი ჰაფიზ ფაშაევი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.