ვახტანგ გომელაური - პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები.

ყველა იმ შემთხვევაში, სადაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე მოხდა მათი დაკავება.

საზოგადოებამ, ასევე, პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან აქციაზე მოსულ სახალხო დამცველზე განხორციელებული თავდასხმა.

ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად და სახალხო დამცველის თანმხლები პირების ჩართულობით სიტუაცია იმ კონკრეტულ მომენტში განიმუხტა და მათ დატოვეს შეკრება/მანიფესტაციის ადგილი.

საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით.

„მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შესასვლელების დაცვას. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე.

დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთიდან შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ხდებოდა 11-ის ნახევარზე. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი