საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ვეღარ ხორციელდება.
შეგახსენებთ, პარლამენტთან, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.