ფრენაში არ არის პრობლემა - საქმეა იმ საგანგაშო მიმართულებაში, რომლითაც ჩვენი ქვეყანა რუსულ ორბიტაზე ინაცვლებს. ეს ვერ მოხდება!- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია დასავლეთი და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.
"ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის, რომ ფრენების აღდგენაში კი არ არის პრობლემა, პრობლემაა იმ სიმბოლურ ჟესტში, რომლითაც „ქართული ოცნებისა“ და პუტინის რუსეთის დამთბარი ურთიერთობები აღნიშნა პუტინმა, საქმეა იმ საგანგაშო მიმართულებაში, რომლითაც ჩვენი ქვეყანა რუსულ ორბიტაზე ინაცვლებს. ეს ვერ მოხდება! ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია დასავლეთი და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არჩევანი დავიცვათ. პირველ რიგში, პროტესტით დავიცვათ, მაშინ როდესაც ასეთი ამაზრზენი აქტები ხდება.
ფრენაში არ არის პრობლემა, პრობლემაა იმ დამთბარ ურთიერთობებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და პუტინის რუსეთს აქვთ. ამის გამოხატულებაა ფრენა და ამის გამოხატულებას მომავალშიც ვნახავთ. ამ ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ თუ გვინდა საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრირდეს“,- აღნიშნა ბუაძემ.