საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა შოთა გუჯაბიძემ, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე - “ბუნებრივი გაზის რეგონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში”. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმდენად, რამდენადაც საკვლევი თემა ინტერდისციპლინარულია, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს კვლევის ეტაპზე მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლებთან და დოქტორანტებთან.
როგორც დოქტორანტი შოთა გუჯაბიძემ განაცხადა, სადოქტორო ნაშორმზე მუშაობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა და შესწავლილ იქნა აზერბაიჯანის და კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნების გაზის რეზერვების ევროპაში მიწოდების შესაძლებლობა და საქართველოს პოტენციალი, არა მხოლოდ ტრანზიტულ ოპერაციებში მონაწილეობის, არამედ, უშუალო სავაჭრო პლატფორმის, ჰაბის შექმნის პერსპექტივის კუთხით.
“სამუშაოს ფარგლებში ჩავატარეთ ევროპის გაზით მომარაგების პრობლემის ანალიზი. შევადარეთ გაზის ტრანსპორტირების მეთოდების ანალიზი საქართველოდან შავი ზღვის გავლით, ევრაზიის შუა დერეფნის ტრანსპორტირების შემთხვევაში და დავადგინეთ ჩვენი პირობებისათვის ოპტიმალური ტრანსპორტირების ვარიანტი. განვსაზღვრეთ სამიზნე პორტები ევროპის ქვეყნებში მიწოდებისათვის. ასევე შევიმუშავეთ თხევადი გაზის ტრანსპორტირების მოდულური მეთოდი მიწისქვეშა საცავზე დაფუძნებული ტერმინალით, რომელიც ძალზედ ეფექტურს და კონკურენტულს ხდის საქართველოს პოზიციებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით, დოქტორანტ შოთა გუჯაბიძის ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული ყველა კვლევა და შემუშავებული გადაწყვეტები საბოლოო ჯამში ემსახურება ერთ დიდ მიზანს - საქართველოს როლის გაძლიერებას ევროპის ენერგოუსაფრხოების სფეროში საქართველოში გაზის რეგიონული ჰაბის შექმნის გზით.
„ევროპის გაზით მომარაგების პრობლემის ანალიზის ჩატარებისას, დოქტორანტის მიერ გამოვლენილია პრობლემების გამომწვევი მიზეზები და შემოთავაზებულია მათი გადაწყვეტის ეკონომიკურად დასაბუთებული, შეიძლება ითქვას, ნოვატორული მეთოდები. ნაშრომში დეტალურად ჩანს ყველა კონცეფცია, თუ რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ, როგორც შუა დერეფნის ფუნქციის მატარებელმა, იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ გაზის ჰაბად. ეს კი, თავის მხრივ, ათეულობით მილიონო ლარის მოგებას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. ასევე, განავითარებს მრეწველობის აქამდე დაკონსერვებულ დარგებს და ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს გაზპროდუქტების შენახვის, წარმოებისა და ტრანსპორტირების ცენტრი. დღეს ევროპა დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე - ჩანაცვლოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მარაგების მოძიებითა და მისი ტრანსპორტირებით. ევროპამ იპოვა გზა, მაგრამ მიღებული გაზი დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირი უჯდება. ამასთანავე ევროპა სრულად ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას გაზსაცავების საშუალებით. განსაკუთრებით, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, რის გამოც სეზონური ფასთაშორისი სხვაობის გავლენა არის საკმაოდ დიდი. შოთა გუჯაბიძის სადოქტორო თემა კი არის ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტისკენ გადადგმული წარმატებული ნაბიჯი“, - განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.