ვინც არ უნდა იყოს, ლავროვის ნათესავი იქნება, თუ ვინმე სხვის, მცდელობა, ქსენოფობიური ემოციის გამოხატვა და ამ გზით ვითომ პატრიოტული სულისკვეთების დემონსტრირება მოახდინონ, მოსალოდნელი იყო - მითუმეტეს ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ დაიწყება საუბარი, რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
სარჯველაძის თქმით,საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუს ტურისტებს მიესალმებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აპროტესტებენ და ეს „პატრიოტული ლოზუნგების მიღმა დამალული ვერაგული გეგმაა“.
„ყველაზე მეტად პრობლემურად მესახება კეთილსინდისიერების მომენტი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ახლა აპროტესტებენ, თავის დროზე კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განხორციელდა, აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. როდესაც უკრაინის ოკუპაციაზე მიდის საუბარი, სრულიად განსხვავებული და კრიტიკული პოზიციები უჩნდებათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. სინამდვილეში უცნაური კი არ არის, პატრიოტული ლოზუნგების მიღმა დამალული ვერაგული გეგმაა. ვერაგული გეგმა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი დესტრუქციული მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში და ქსენოფობიური მიმართულება განავითარონ. ეს რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული, საზოგადოებამ შეაფასოს. მართებული არ მგონია ამ აჟიოტაჟს მოწყობა და ის რეაქცია, რაც ცალკეულ პოლიციელებს და აქტივისტებს აქვთ. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ როგორიც არ უნდა იყოს დამოკიდებულება ცალკეულ საკითხებზე, ერთია სამართლებრივი მხარე (სახელმწიფოს, რასაკვირველია, არავითარი სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რასაც სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება ჰქვია), მეორე მხარე კი არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს კონკრეტული ფარგლები. რაც არ უნდა კეთილშობილურად თვლიდნენ თავიანთ დამოკიდებულებას, არ აქვთ უფლება, ზღვარს გადავიდნენ და კანონსაწინააღმდეგო ფორმები გამოიყენონ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.