გიორგი ჩიქოვანი - საქართველო მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

საქართველოში ინოვაციური პროექტი იწყება, რომელიც მწვანე წყალბადის წარმოებას გულისხმობს. ტრადიციული, წიაღისეული ენერგიის ყველაზე სუფთა ალტერნატივად მიჩნეული მწვანე წყალბადით სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. საქართველო კი, რომელსაც განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, ამ შესაძლებლობის გამოყენებასა და მწვანე წყალბადით მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებას გეგმავს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს, მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის უკვე მოეწერა.

„გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით)“, - ვკითხულობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს.

პროცესში, იდეის გაჩენიდან მემორანდუმის ხელმოწერამდე, ჩართული იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომლის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი დეტალურად ხსნის თუ რა არის მწვანე წყალბადი, რატომაა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი წარმოების დაწყება და რა პერსპექტივებს უხსნის ეს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე. ინტერვიუში იგი ყველა იმ კითხვას პასუხობს, რომლებიც აღნიშნული თემის გარშემო არსებობს:

ურთიერთგაგების მემორანდუმი მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით - რას გულისხმობს იგი და ვინ არიან მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის მომავლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით ხორციელდება. მემორანდუმი არის არაერთი წლის დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგი.

თანამედროვე მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, მწვანე წყალბადი აქტუალური თემაა. იგი არ არის ახალი ტექნოლოგია, მასზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში კი მის გაიაფებასა და ეფექტურობის ამაღლებაზე კეთდება აქცენტი და არსებული პროგნოზებითა და ტენდენციების გათვალისწინებით, რამდენიმე წელში, მწვანე წყალბადი, ტრადიციული, წიაღისეული საწვავის კონკურენტული ალტერნატივა იქნება.

მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით. მის მისაღებად კი განახლებადი ენერგიის წყაროები გამოიყენება: ქარი, მზე და წყალი, ანუ ჰიდრო ენერგეტიკა. წყალბადის წარმოების ხარჯი, ძირითადად, მოიცავს ელექტროენერგიისა და ელექტროლაიზერის ხარჯებს, დანადგარის რომლის საშუალებითაც წყალბადი წარმოიქმნება.

საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია. მას აქვს რესურსი, მსოფლიო ბაზარზე მწვანე წყალბადით წარსდგეს. ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა, ჯერ კიდევ, პანდემიამდე დაიწყო. შემდეგ, კოვიდ 19-ის გავრცელებამ პროცესი შეაფერხა, მოგვიანებით მუშაობა ისევ განახლდა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) აქტიური თანამშრომლობით საქართველოში საპილოტე პროექტის დაწყების იდეა გაჩნდა. საბოლოოდ, შემუშავდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აწერენ, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რასაც მთელს ამ პროცესში ავლენს.

რა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ენერგოსექტორს აღნიშნული მემორანდუმი?

ეს პირველი პროექტი იქნება, ამ მიმართულებით. გაიზრდება ცნობადობა მწვანე წყალბადის მიმართ და მივიღებთ გამოცდილებას. მისი მეშვეობით სხვა პროექტების განხორციელებასაც შევძლებთ, წყალბადთან დაკავშირებით.

რატომაა ქვეყნისთვის აუცილებელი წყალბადის ენერგიების განვითარების ხელშეწყობა? რა როლს შეასრულებს იგი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში?

წყალბადს, ბუნებრივ აირთან შედარებით, ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში, იგი არის სუფთა და რაც ჩვენთვის მთავარია, საქართველოს აქვს მისი წარმოების შესაძლებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ამ გზით შემოსავლის მიღება შეუძლია. მწვანე წყალბადი დაგვეხმარება გავაძლიეროთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საწვავი, რადგან ჩვენ განახლებადი ენერგიების მდიდარი რესურსი გვაქვს.

ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს მწვანე წყალბადის წარმოებას, საქართველო, როგორც „საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი ქვეყანა, უახლეს საერთაშორისო ტენდენციებს ითვალისწინებს. ბევრმა ქვეყანამ უკვე აიღო ვალდებულება, რომ 2050 წლისათვის ბუნებრივ გაზს, დიდწილად, ალტერნატიული ენერგიებით ჩაანაცვლებს. განვითარებული ქვეყნები მზად არიან ეტაპობრივად გადავიდნენ წყალბადზე და ამით ხელი შეუშალონ კლიმატის ცვლილებებს. მას გამოყენების მრავალი პერსპექტივა გააჩნია: ელექტროენერგიის გენერაცია და რეზერვაცია, ალტერნატიული და სუფთა ენერგია სატრანსპორტო საშუალებებისთვის, იგეგმება ქარხნებისა და წარმოებების წყალბადის ენერგიაზე გადაყვანა, მისი გამოყენება შენობების გასათბობად და ა.შ. ევროპა, ამ მიმართულებით, სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ეს, მათთვის, მომავლის ინვესტიციაა. საქართველოს კი შეუძლია იგი არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის აწარმოოს, არამედ ექსპორტზე გაიტანოს. მოთხოვნა მუდმივად მზარდია, რადგან როგორც უკვე ვახსენე, ბევრი ქვეყანა ცდილობს ბუნებრივი აირის წყალბადით ჩანაცვლებას.

რა წინა მოსამზადებელ სამუშაოებს, რა ნაბიჯებს მოიაზრებდა გზა, რომელიც მემორანდუმის ხელმოწერამდე გაიარეთ?

პერმანენტულად ტარდებოდა სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარი და შეხვედრა, სადაც ხდებოდა მსოფლიო ტენდენციების განხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა მწვანე წყალბადის საერთაშორისო რუკაზე. დეტალურად შევისწავლეთ და გავეცანით როგორ მუშაობს წყალბადი და როგორ გამოიყენება იგი მუნიციპალურ ტრანსპორტში. იმედი გვაქვს, რომ ეს ინოვაციური პროექტი სხვა პროექტების დაწყებასაც მისცემს ბიძგს. მომავლისთვის ფიქრი ახლავე თუ არ დავიწყეთ, გამოწვევებისთვისა და შესაძლებლობებისთვის მზად არ ვიქნებით.

პირველ ეტაპზე, რაში შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ მწვანე წყალბადი, რომელიც აღნიშნული პროექტის შედეგად იქნება წარმოებული?

პირველ ეტაპზე, წყალბადის გამოყენების გზად განვიხილავთ ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტს. მუნიციპალურ ტრანსპორტში მისი გამოყენება იქნება თვალსაჩინო მაგალითი საზოგადოებისთვის იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად სასარგებლო, საჭირო, სუფთა და უსაფრთხოა მწვანე წყალბადი თანამედროვე მსოფლიოსთვის.

როგორ აპირებთ ამ პროექტის განხორციელებას?

მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით, აღნიშნული პროექტი გრანტისა და იაფი სესხის საფუძველზე KfW -ს მხარდაჭერითა და დახმარებით დაფინანსდება, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები და რა იქნება საბოლოო შედეგი?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შექმნილია წყალბადის საბჭო, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შედიან. ისინი მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიის შექმნაზე მუშაობენ. საბჭოს მუშაობის შედეგად, შეიცვლება და დაიხვეწება შესაბამისი კანონმდებლობა, გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, საქართველოში, მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნეს პოტენციალის დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას მისცემს.

მოსამზადებელ სამუშაოებს, დაახლოებით, ერთი წელიწადი დასჭირდება. ერთი წლის შემდეგ კი კონკრეტულად გვეცოდინება წარმოებული წყალბადის რაოდენობაც, გამოყენების სტანდარტიც და უშუალოდ წარმოებისა და დანერგვის ეტაპზე გადავალთ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს