დასავლურ სანქციებს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ?! - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
მისი თქმით, „კალაძე იგივე უტიფარ სიცრუეს აგრძელებს, რასაც გავრილოვზე იძახდნენ, რომ ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არ გვქონდაო".
„ეს არის სიცრუე, ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ვინც უნდა, ის შემოუშვას და ვინც არ უნდა, ის არ შემოუშვას.
თავი რომ დავანებოთ დასავლურ სანქციებს, ჩვენი ქვეყნის მტრები რატომ უნდა გვინდოდეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?! ვინმე გვთხოვს თუ არა, მაგას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უბრალოდ ტურისტი რუსეთის მოქალაქეები კი არა, ჩვენი მტრები ვინც არიან, იმ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები შემოვიდნენ ქვეყანაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები.