2008 წელს მთელი მსოფლიოსთვის თხოვნა გვიწევდა, რომ ეღიარებინა პუტინი, როგორც ტერორისტი, მაშინ ევროპას პუტინის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა - დღეს 2023 წელია, როდესაც პუტინი სამხედრო დამნაშავეა და ხელისუფლებას რუსული პოზიცია უჭირავს, ეს სამარცხვინოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 2008 წელსა და დღეს არსებული რეალობა და ხიფათები განსხვავდება.
„2008 წელს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ კონსოლიდირება მომხდარიყო. მთელი მსოფლიოსთვის თხოვნა გვიწევდა, რომ ეღიარებინათ პუტინი, როგორც ტერორისტი, სამხედრო დამნაშავე. ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ ევროპას, დასავლეთს, პუტინის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა. დღეს 2023 წელია, როდესაც პუტინი სამხედრო დამნაშავეა, ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდა როგორც მკვლელი და მწამებელი - როდესაც 2023 წელს ეს რეალობა გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ ის იყოს პირველი, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იაქტიურებს, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, რადგან მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ხოცავდნენ და აგრძელებენ ქართველი ხალხის გენოციდს, რუსული პოზიცია უჭირავს - ეს სამარცხვინოა. დღეს 2023 წელია და აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე 2008 წელს. მაშინ მართლა ტურისტებზე იყო საუბარი, დღეს კი, ათი ათასობით ადამიანი გამორბის, რათა სანქციებს აარიდოს თავი, აგენტურული ქსელი გააბან საქართველოში და შესაძლოა იყვნენ დივერსანტებიც - აბსოლუტურად სხვადასხვა რამეზეა საუბარი. ათიათასობით ინდივიდუალური რუსი მეწარმე და კომპანია დაარეგისტრირეს, შავი ფულის ტრიალი უნდათ საქართველოში. სხვადასხვა ხიფათია. მაშინ რუსეთიდან თავქუდმოგლეჯილები საქართველოში არ მორბოდნენ. ასობით და ათასობით ადამიანი თუ შემოვიდოდა, დღეს ათი ათასობით რუსი მორბის საქართველოში და ყიდულობს ათიათასობით უძრავ ქონებას. სხვადასხვა რეალობაზეა საუბარი“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.