ღარიბაშვილის და ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენებაც კი არ არის - როდესაც „გარუსების პოლიტიკაზე“ ვსაუბრობთ და იმაზე, რომ ივანიშვილის ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ღალატს წარმოადგენს, სწორედ ასეთი ამბები იგულისხმება, როდესაც შენ შეგნებულად იმეორებ იმ ნარატივს, რაც შენს მტერს სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა საქართველოს ინტერესების დაზიანებას უწყობს ხელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ბოკერიამ მოქალაქეებს 28 მაისს, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაგეგმილ, „გარუსების პოლიტიკის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„რეჟიმი აგრძელებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას. ჯერ გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს კი ყველასთვის ცნობილმა ივანიშვილის სპიკერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ერთი და იგივე გზავნილი გააჟღერეს გუშინდელ დღესთან - აფხაზეთობასთან და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიასთან მიმართებაში. არც ერთ განცხადებაში, რომელიც მათ გააკეთეს, არათუ რუსეთის მიერ 90-იან წლებში აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები, გენოციდი და ეთნიკური წმენდა, საერთოდ რუსული ოკუპაციის ხსენებაც კი არ არის არსად. ანუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის პრობლემა, წარმოჩენილია როგორც ეთნიკური კონფლიქტი, სადაც უნდა შევრიგდეთ ჩვენ - ქართველები და აფხაზები და ჩვენი მტრის, ვინც დააორგანიზა ოკუპაცია, გენოციდი, ვისი მარიონეტული რეჟიმიც ზის სოხუმში და ცხინვალში, მათი ხსენება არ არის არც ერთგან. როდესაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები ვსაუბრობთ „გარუსების პოლიტიკაზე“ და იმაზე, რომ ივანიშვილის ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ღალატს წარმოადგენს, იგულისხმება სწორედ ასეთი ამბები, როდესაც შენ შეგნებულად იმეორებ იმ ნარატივს, რაც შენს მტერს სჭირდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.