კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა - ეს პრორუსი „ბოტი" იყო, რომელმაც საქართველოს სახელით რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით ისაუბრა - საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ევროპული ინტერესების ღალატთან! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძის შეფასებით, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა აბსოლუტურად ყველა კომპონენტში პუტინის პოზიციების დაცვას წარმოადგენდა.
მისივე თქმით, პრემიერ - მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო მთელი მსოფლიოსათვის: “თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“
“ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, მოუსმინეთ “ბლუმბერგის“ ჟურნალისტის მასთან გასაუბრებას მსოფლიო მედიისა და მსოფლიო ლიდერების თვალწინ - სამწუხაროდ, საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ - მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი.
მან უკრაინაში საომარი მოქმედების გადაწყვეტის რუსულ მოდელს დაუჭირა მხარი, რომ თითქოს და, უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. თუ უკრაინამ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს?! ანუ ჩვენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ?!
მან ასევე ერთ-ერთში დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე დაინგრევა. ეს დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა.
ამის შემდეგ ვინმე კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს საქართველო უყვართ და ქვეყნის ევროინტეგრაცია სურთ?
ხელისუფლების მიზანია რუსეთთან პირისპირ დარჩენა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ბელარუსული რეჟიმის ჩამოყალიბება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.